ID ბარათის გაცემის პროცესში მომხმარებელს ორი კონვერტი გადაეცემა. ერთ მათგანში საკუთრივ ID ბარათია მოთავსებული. მეორეში კი სპეციალური, დალუქული კონვერტი დევს. ამ შიდა კონვერტს თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი და პირადობის მოწმობის ნომერი აწერია. მას 3 მხრიდან ისრებით აქვს მითითებული გასახსნელი ზონა.
რა საჭიროა PIN კოდები?
როგორც უკვე მოგეხსენებათ, თქვენი ID ბარათი არ არის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მას გააჩნია ელექტრონული ფუნქციები, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია ორი:
- თქვენი იდენტიფიკაცია ონლაინ სივრცეში (მაგალითად, მოქალაქის პორტალზე https://my.gov.ge ანდა რომელიმე ბანკის ინტერნეტ–ბანკში)
- ნების გამოხატვა ელექტრონულად, ციფრული ხელმოწერის მეშვეობით. ელექტრონულ დოკუმენტზე განხორციელებულ ციფრულ ხელმოწერას გააჩნია იგივე ძალა, რაც თქვენს პირად ხელმოწერას ქაღალდის საბუთზე
ID ბარათი, როგორც ნებისმიერი ნივთი, შეიძლება ვიღაცამ მოიპაროს. ანდა შეიძლება უბრალოდ დაკარგოთ ქუჩაში ან ავტობუსში და ვინმემ იპოვოს ის. იმისათვის რომ ბოროტგანმზრახველმა არ შესძლოს მისი გამოყენება ელექტრონული სახით და თქვენი ინფორმაციის ნახვა ანდა თქვენს ნაცვლად ციფრული ხელმოწერა, ID ბარათთან ერთად ჩვენ გაწვდით PIN კოდებს, რომლების გამოყენებაც დაგჭირდებათ როგორც იდენტიფიკაციის, ისე ციფრული ხელმოწერის დროს.
რატომ გადმომეცემა PIN კოდები დალუქულ კონვერტში?
სანამ ID ბარათი თქვენს ხელში მოხვდებოდეს, ის დიდ გზას გადის. ბარათი მზადდება სპეციალურ, მკაცრად კონტროლირებად სივრცეში – საბეჭდ ცენტრში. საბეჭდი ცენტრიდან გამოსული ბარათი ტრანსპორტირდება ოფისში სადაც თქვენ ბარათის მიღება გადაწყვიტეთ. ბოლოს კი გადმოგეცემათ თქვენ. თუკი ჩვენ გადმოგცემდით PIN კოდებს ღია სახით, გამოვიდოდა რომ ყველა ეტაპზე ჩვენს რომელიღაც თანამშრომელს საშუალება ექნებოდა ენახა თქვენი PIN კოდები. მაშასადამე თქვენი უსაფრთხოება დამოკიდებული გახდებოდა ყველა ამ პიროვნების კეთილსინდისიერებაზე,
დალუქულ კონვერტს ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება გააჩნია – შეუძლებელია მასში მოთავსებული ინფორმაციის წაკითხვა კონვერტის დაზიანების გარეშე. კონვერტი PIN კოდებით იბეჭდება ავტომატურად სპეციალური, მრავალგზის გადამოწმებული აპარატურის მიერ ასევე სპეციალურ, დაცულ და მკაცრად კონტროლირებად სივრცეში და იქვე ილუქება ადამიანის ჩარევის გარეშე. შემდეგ უკვე ადამიანების მიერ იგზავნება თქვენამდე. ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის ის რომ დარწმუნდეთ კონვერტის მთლიანობაში.
როდესაც დარწმუნდებით რომ თქვენი კონვერტის მთლიანობა დარღვეული არ არის, შეგიძლიათ თამამად გახსნათ ის. PIN კოდების კონვერტი უნდა გახიოთ ისრებით მითითებულ ზოლებში (იხ. სურათი).
როგორ სჯობს კონვერტის შენახვა?
გაითვალისწინეთ რომ კონვერტი შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც უნდა იცოდეთ მხოლოდ თქვენ და არავინ სხვამ. კონვერტის ფიზიკური უსაფრთხოება გახსნის შემდეგაც ძალიან მნიშვნელოვანია.
თქვენ ასევე შეგიძლიათ, გადაწეროთ კონვერტის მნიშვნელოვანი შიგთავსი (ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ) მობილურ ტელეფონში. თანამედროვე მობილური ტელეფონების უმრავლესობას გააჩნია სპეციალური, პაროლით დაცული საცავი. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ კონვერტი გაანადგუროთ. ოღონდ გაითვალისწინეთ რომ კონვერტის გასანადგურებლად მისი ნაგავში გადაგდება საკმარისი არ არის. სჯობს გადაგდებამდე წვრილ ნაკუწებად დახიოთ ხელით ან სპეციალური მანქანის საშუალებით, რომელიც უკვე ბევრ ოფისში გვხვდება.შეგიძლიათ კონვერტი დაწვათ და დაფშვნილი ნამწვი გადაყაროთ ნაგავში.
რა წერია PIN კოდების კონვერტში?
PIN კოდების კონვერტში, როგორც სახელიდან ჩანს, წერია თქვენი ბარათის PIN კოდები. მათი რაოდენობა სამია:
- PIN1 - პიროვნების ავთენტიფიკაციის კოდი. გამოიყენება ონლაინ სივრცეში პიროვნების იდენტიფიკაციისათვის
- PIN2 - ციფრული ხელმოწერის PIN კოდის აქტივაციის კოდი
- PUK - განბლოკვის კოდი
კონვერტი ასევე შეიცავს მოკლე ინსტრუქციას თითოეული კოდის შესახებ. კოდების შეცვლა, ციფრული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურება, განბლოკვა, დავიწყებული PIN1 კოდის აღდგენა შესაძლებელია Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამით, რომლის ინსტრუქციაც ასევე ხელმისაწვდომია ამავე გვერდზე
რა უნდა გავაკეთო, თუკი PIN კოდის კონვერტი დავკარგე?
იმ შემთხვევაში, თუკი PIN კოდების კონვერტი დაკარგეთ, მის ხელახლა ასაღებად უნდა მიაკითხოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, იუსტიციის სახლებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.
თუკი კონვერტის ადგილსამყოფელი არ იცით, თქვენ მოგიწევთ უფრო მეტად გაუფრთხილდეთ თქვენს ID ბარათს რათა ორივე ერთად (ბარათიც და კონვერტიც) ავისმზრახველის ხელში არ აღმოჩნდეს, მუდმივად აკონტროლოთ თქვენი ბარათის ადგილსამყოფელი და მისი დაკარგვისთანავე განაცხადოთ ცხელ ხაზზე, რომლის ნომერიც ასევე თქვენს კონვერტზეა მითითებული (ცხელი ხაზის ნომერია (+995) 32 240 10 10).
გამოდის რომ ID ბარათი ზედმეტად სარისკო ნივთია...
ვიღაცას ნამდვილად შეიძლება გაუჩნდეს იმის შიში რომ ID ბარათის ან PIN კოდის კონვერტის დაკარგვისას ის შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს. შიში რასაკვირველია ბოლომდე უსაფუძვლო არ არის მაგრამ დავფიქრდეთ, განა ჩვენს გარშემო უამრავი სახიფათო ნივთი არაა?
მაგალითად ავიღოთ თქვენი სახლის გასაღები:
- განა მას კარის წინ, ხალიჩის ქვეშ ტოვებთ? რა თქმა უნდა არა, რადგანაც ქურდს შეუძლია იპოვოს ის და თქვენი სახლი გაძარცვოს.
- როდესაც სახლის გასაღებს კარგავთ, განა არ ცვლით კარის კლიტეს? რასაკვირველია ცვლით – განა თქვენ დარწმუნებული ხართ რომ გასაღები კი არ დაკარგეთ, არამედ ავტობუსში ჯიბიდან ამოგაცალეს და უკანაც გამოგყვნენ რომ თქვენი სახლის მისამართი გაეგოთ
შეხედეთ თქვენს ID ბარათს როგორც თქვენი ინტერნეტ–სახლის გასაღებს და გაუფრთხილდით მას ზუსტად ისევე, როგორც სახლის გასაღებს უფრთხილდებით. სულ ესაა რაც მოგეთხოვებათ.