მოგესალმებით ID ბარათის მომხმარებლის გვერდზე. აქ თქვენ გაიგებთ, რას წარმოადგენს ბარათი, რა ინფორმაციაა მასზე მოთავსებული , როგორ შეიძლება მისი გამოყენება, რა პროგრამებით უნდა იმუშაოთ მასთან და სხვა.
რა არის ID ბარათი?
ID ბარათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ის დამზადებულია პლასტმასისაგან და გააჩნია სტანდარტული ზომა (იგივე, რაც საბანკო პლასტიკურ ბარათებს). ვიზუალურად ID ბარათი შეიცავს მისი მფლობელის პირად ინფორმაციას: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, სურათს, ხელმოწერის ნიმუშს და ა.შ. ID ბარათი გაიცემა როგორც საქართველოს მოქალაქეებზე (მოქალაქის პირადობის მოწმობა) ისე მოქალაქეობის არმქონე პირებზე (დროებითი ან მუდმივი ბინადრობის მოწმობა). ID ბარათების გამცემი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
მთავარი, რაც ID ბარათს განასხვავებს პირადობის დამადასტურებელი ძველი დოკუმენტებისაგან, მისი ელექტრონული შესაძლებლობებია. ამ მიზნით ID ბარათზე დატანილია ინტეგრირებული სქემა. ბარათის ელექტრონული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამავე გვერდზე.
ID ბარათის უპირატესობები
ID ბარათს მრავალი უპირატესობა გააჩნია ძველი თაობის დოკუმენტებთან შედარებით:
- მეტი მდგრადობა ფიზიკური დაზიანებების მიმართ
- კომპაქტური დიზაინი
- ფიზიკური გაყალბებისგან დაცვის თანამედროვე საშუალებები
- ელექტრონულად დატანილი ინფორმაციის გაყალბებისგან დაცვის თანამედროვე საშუალებები
- დოკუმენტის ავტომატური წაკითხვის საშუალება კომპიუტერულ სისტემებში
- დოკუმენტიდან ინფორმაციის არასანქცირებული (მფლობელის ნებართვის გარეშე) წაკითხვისგან დაცვის თანამედროვე საშუალებები
ID ბარათის მფლობელები დაცული არიან თანამედროვე ტექნოლოგიების სრული სპექტრის გამოყენებით.
დოკუმეტის ავტომატური წაკითხვის და კომპიუტერულ სისტემებში ID ბარათის ინტეგრირების შესაძლებლობები მის მფლობელებს (განსხვავებით არაელექტრონული დოკუმენტების მფლობელებისა) საშუალებას მისცემს, ისარგებლონ უფრო სწრაფი მომსახურებით როგორც სახელმწიფო ისე კერძო კომპანიებში.
როცა ბარათს ვიღებდი, მეორე კონვერტიც მომცეს. რა არის მასში?
მეორე კონვერტი შეიცავს PIN კოდებს, რომლებიც საჭიროა ბარათის ელექტრონული ფუნქციების გამოყენებისათვის.
გაიგეთ მეტი PIN კოდების კონვერტის შესახებ ჩვენს გვერდზე, შესაბამისი ინსტრუქციიდან.
როგორ უკავშირდება ID ბარათი გარე სამყაროს?
ID ბარათი პასიური მოწყობილობაა. მას არ გააჩნია ავტონომიური კვების წყარო (აკუმულატორი და სხვა), ამიტომ დამოუკიდებლად არ ოპერირებს. შესაბამისად, მას არ შეუძლია დამატებითი მოწყობილობების გამოყენების გარეშე დაუკავშირდეს გარე სამყაროს.
ბარათში ჩაშენებულ ელექტრონულ მატარებელს გააჩნია სტანდარტული კონტაქტური ინტერფეისი, რომლის კოტაქტებიც ბარათის უკანა მხარეს ჩანს. ეს კონტაქტები ანალოგიურია საბანკო პლასტიკური ბარათების და მობილური ტელეფონის SIM ბარათის კონტაქტებისა (რომლებიც ზუსტად იგივე, ISO/IEC 7816 სტანდარტით რეგულირდება) როდესაც ბარათი თავსდება წამკითხველში, ის იღებს ოპერირებისთვის საჭირო ელექტროენერგიას და შეუძლია პასუხი გასცეს გარედან შემოსულ მოთხოვნებს ინფორმაციის ამოკითხვაზე, ჩაწერაზე, კრიპტოგრაფიაზე და ა.შ.
გარდა ამისა, ელექტრონულ მატარებელს გააჩნია ასევე სტანდარტული უკონტაქტო ინტერფეისი, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს სპეციალურ ანტენას. როდესაც ახლო მანძილიდან ამ ანტენაზე რადიოტალღები იწყებენ ზემოქმედებას, მასში ასევე აღიძვრება დენი და ელექტრონული მატარებელი იღებს ოპერირებისათვის საჭირო ელექტროენერგიას. როგორც კონტაქტური ინტერფეისის შემთხვევაში, აქაც ბარათს მხოლოდ პასუხის გაცემა შეუძლია გარედან შემოსულ მოთხოვნაზე. ეს ინტერფეისი სულ რამდენიმე სანტიმეტრის რადიუსში მუშაობს.
გაიგეთ მეტი "ჭკვიანი ბარათების" (Smart Cards) შესახებ შემდეგი ბმულიდან. მასალა ინგლისურ ენაზეა.
რა ელექტრონული ფუნქციები გააჩნია ID ბარათს?
ID ბარათი მინიატურული კომპიუტერია. მას გააჩნია ინფორმაციის საცავი და შეუძლია მცირე რაოდენობის ოპერაციების შესრულება - კონტაქტური ან უკონტაქტო წამკითხველი მოწყობილობის საშუალებით. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ID ბარათი პასიური მოწყობილობაა და ის არ მუშაობს მანამ, სანამ გარედან ელექტროენერგია არ მიეწოდება კონტაქტური ან უკონტაქტო წამკითხველის საშუალებით.
ID ბარათისთვის, როგორც ჩვეულებრივი კომპიუტერებისთვის, იწერება პროგრამები რომლებიც იტვირთება თითოეულ ბარათზე. რასაკვირველია, ეს პროგრამები მნიშვნელოვნად განსხვავდება მკითხველისათვის ნაცნობი პროგრამებისაგან რადგან ID ბარათს არ გააჩნია არც მონიტორი, არც კლავიატურა და მაუსი. ინფორმაციის შეტანისა და გამოტანის ერთადერთი გზა მისთვის ბარათის წამკითხველი მოწყობილობაა.
რა ინფორმაცია წერია ID ბარათზე?
ამ დროისათვის ბარათზე წერია შემდეგი ინფორმაცია:
- მოქალაქის პირადი მონაცემები: იგივე, რაც ვიზუალურადაა გამოსახული ბარათზე. ინფორმაცია ჩაწერილია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტის მიხედვით. ამის გამო ID ბარათს შეუძლია შეითავსოს ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის (ბიომეტრიული პასპორტის) როლი ცალკეულ შემთხვევებში.
მოქალაქის პირადი მონაცემები წვდომადია როგორც კონტაქტური, ისე უკონტაქტო ინტერფეისიდან. მონაცემთა დაცვა არასანქცირებული წვდომისაგან ხორციელდება ასევე ICAO–ს მიერ დადგენილი მექანიზმის გამოყენებით. - კრიპტოგრაფიული მოდული: ონლაინ-იდენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის განხორციელებისათვის. კრიპტოგრაფიული მოდული ოპერირებს ღია გასაღებიანი კრიპტოგრაფიის პრინციპების მიხედვით. უსაფრთხოების მიზნით, კრიპტოგრაფიული მოდული წვდომადია მხოლოდ კონტაქტური ინტერფეისიდან.
გაიგეთ მეტი კრიპტოგრაფიის შესახებ ვიკიპედიადან. - ზოგადი გამოყენების ზონა, რომელიც წვდომადია უკონტაქტო ინტერფეისიდან და ძირითადად განკუთვნილია სხვა კომპანიების მონაცემებისათვის. მაგალითად, იგეგმება ამ ზონაში მეტროსა და ავტობუსის საგადახდო ბარათების ინტეგრირება.
ზოგადი გამოყენებს ზონაში აკრძალულია მომხმარებლის პირადი ინფორმაციის (მათ შორის პირადი ნომრის) დაუშიფრავი სახით შენახვა.
ID ბარათზე ძირითადი ინფორმაციის ჩაწერა ხდება პერსონალიზაციის (პიროვნებაზე მისი მიბმის) პროცესში, გამცემი ორგანოს მიერ. დამატებითი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია ზოგადი გამოყენების ზონაში, მხოლოდ გამცემი ორგანოს ნებართვით..
რა ინფორმაცია არ წერია ID ბარათზე?
აუცილებელია გვესმოდეს რომ ID ბარათი, მისი ფართო შესაძლებლობების მიუხედავად, საკმაოდ შეზღუდული პროცესორული რესურსისა და მეხსიერების მატარებელია. უფრო მეტიც, მის მეხსიერებაში ინფორმაციის ხშირი ცვლა რეკომენდებული არც არის, რადგან ჩაწერის ციკლებიც კი შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, არასასურველია ბარათზე ჩაიწეროს თქვენი სრული სამედიცინო ისტორია, გადაადგილების მარშრუტი, სამსახურებრივი მდგომარეობა, პოლიტიკური ან რელიგიური ორგანიზაციების კუთვნილება და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ხშირად იცვლებოდეს.
მსგავსი ინფორმაცია, როგორც წესი, მონაცემთა ბაზებში იწერება და უზრუნველყოფილია ერთი მხრივ მასში ინფორმაციის სწრაფი მოძიება, მეორე მხრივ - დაზიანებისგან დაცვა (როგორც შემთხვევით წაშლის, ისე რამე კატასტროფების. მაგალითად ხანძრისგან). ID ბარათი, რომელიც შეიძლება დაიკარგოს, ანდა შემთხვევით დაზიანდეს, ასეთი ინფორმაციის შესანახად არ გამოდგება.
ამის საპირისპიროდ, არსებობს ისეთი ინფორმაცია რაც არ იცვლება დროთა განმავლობაში. ან იცვლება მცირედ. ამ შემთხვევაშიც ბარათზე მისი ჩაწერის მიზანშეწონილობას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მონაცემი, რომლის ჩაწერაც შესაძლებელია ბარათზე. თუმცა აქვე დავძენთ რომ დღეს ID ბარათზე ეს მონაცემები არ იწერება.
- სისხლის ჯგუფი - იმისათვის რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დრო არ დახარჯოს გონებადაკარგული პაციენტისათვის შესაფერისი სისხლის ჯგუფის დადგენაში ისეთ ადგილებში სადაც ტელეფონი და ინტერნეტი არ მუშაობს.
- ადამიანის სიმაღლე, თვალების ფერი - ზოგიერთი ქვეყნის პირადობის მოწმობა ამ ინფორმაციასაც შეიცავს. როდესაც მფლობელის საბუთებს პოლიციელი ამოწმებს, სურათთან ერთად ეს ინფორმაცია უფრო უკეთ უზრუნველყოფს იმის დადგენას, მართლა თქვენ გეკუთვნით თუ არა პირადობის მოწმობა.
- თითის ანაბეჭდი - ავტომატური კონტროლის წერტილებს (მაგ. ტურნიკეტებს საზღვარზე) შეუძლიათ ადამიანის ჩაურევლად შეამოწმონ, პირადობის მოწმობის წარმომდგენი ნამდვილად ისაა თუ არა, ვის სახელზეც ეს მოწმობაა გაცემული. შედარებისათვის, მსგავსი სისტემა უკვე მუშაობს თბილისის აეროპორტში - ბიომეტრიული პასპორტების შემთხვევაში.
რაში შეიძლება გამოვიყენოთ ID ბარათი?
მთლიანობაში, ID ბარათს უნდა შევხედოთ არა როგორც ინფორმაციის მატარებელს, არამედ გასაღებს სხვადასხვა საინფორმაციო ონლაინ სისტემებისათვის. მაგალითად იქ, სადაც თქვენი პიროვნების უტყუარი იდენტიფიკაციაა საჭირო. მაგალითად, მოქალაქის პორტალზე (https://my.gov.ge), ინტერნეტ–ბანკინგში, სამუშაოს მაძიებელთა საინფორმაციო ბაზაში და სხვა.
ასეთი სისტემები დღემდე ვითარდებოდნენ, უბრალოდ მათ ან არ ჰქონდათ საშუალება, თქვენთვის მოშორებული წვდომა მოეცათ (მაგ. სახლიდან, ოფისიდან გაუსვლელად) ან იყენებდნენ საკუთარ მექანიზმებს. მაგალითად, ბანკები მომხმარებლებს აძლევდნენ სახელებს, პაროლებს, ერთჯერადი კოდების გენერატორ მოწყობილობებს და ა.შ. ID ბარათს შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა და ონლაინ სივრცეში ერთიანი საიდენტიფიკაციო საშუალების როლის შესრულება.
ასევე ID ბარათი საშუალებას გაძლევთ, დოკუმენტზე განახორციელოთ ციფრული ხელმოწერა სახლიდან გაუსვლელად ისე, რომ ვერავინ შეიტანოს ეჭვი თქვენი ხელმოწერის სინამდვილეში.
იგივე ითქმის ზოგადი გამოყენების ზონაზე - მაგალითად იქ ბანკმა, რომლის მომსახურებითაც სარგებლობთ, შეიძლება შეინახოს თქვენი იდენტიფიკატორი თავის საინფორმაციო სისტემაში და შემდეგ მისი საშუალებით შეგიშვათ მნიშვნელოვანი კლიენტებისათვის გნკუთვნილ ზონაში, თუ თქვენ იქნებით ექსკლუზიური მომსახურების მფლობელი.
ID ბარათის მიბმა სხვადასხვა ელექტრონულ სერვისებზე ჯერჯერობით ისევ საწყის სტადიაშია. თუმცა ეს სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება.