ციფრულად ხელმოწერილი დოკუმენტები
ID ბარათი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, განახორციელოს ციფრული ხელმოწერა დოკუმენტზე, რაც "ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შესაძლებელია ჩაითვალოს მისი პირადი ხელმოწერის თანაბარი ძალის მქონედ.
ამ ეტაპზე ელექტრონული დოკუმენტის ფორმატი არის PDF და მასზე ციფრული ხელმოწერისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ ციფრული ხელმოწერის პორტალი
ეს ინსტრუქცია დაგეხმარებათ, გადაამოწმოთ ციფრული ხელმოწერის პორტალით (ან სხვა საშუალებით) ელექტრონულ დოკუმენტზე განხორციელებული ხელმოწერის სისწორე.
დოკუმენტის შემოწმება Adobe Reader-ის მეშვეობით
პირველ რიგში საჭიროა გადმოწეროთ Adobe Reader და მასში დააყენოთ ძირითადი გამცემი ორგანოს სერტიფიკატი. ამისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ინსტრუქციით.
თუკი იმოქმედებთ ინსტრუქციის შესაბამისად, ციფრულად ხელმოწერილი დოკუმენტის გახსნის შემდეგ Adobe Reader ავტომატურად შეეცდება ციფრული ხელმოწერების შემოწმებას და წარმატების შემთხვევაში დოკუმენტის თავზე გამოიტანს შეტყობინებას Signed and all signatures are valid ისე, როგორც ქვემოთ მოყვანილ სურათზეა:
ეს ნიშნავს რომ დოკუმენტზე განხორციელებული ციფრული ხელმოწერა ტექნიკურად სწორია. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ დოკუმენტზე განხორციელებული ხელმოწერები ნამდვილად შესაბამის პიროვნებებს ეკუთვნით.
დოკუმენტზე ხელმომწერების შემოწმება
ხელმომწერების გადამოწმების მიზნით დააჭირეთ ღილაკს Signature Panel ან ხელმოწერების ღილაკს მარცხენა მხარეს. ორივე შემთხვევაში გაიხსნება დოკუმენტზე ხელმომწერების სიის ჩანართი, რომელზეც უკვე დაინახავთ დოკუმენტზე ხელმომწერების სახელებსა და გვარებს
რასაკვირველია, არსებობს იმის რისკი რომ დოკუმენტზე ხელი მოეწერა იმავე სახელის მქონე სხვა პიროვნებას. იმისათვის რომ დარწმუნდეთ რომ ხელმოწერა ნამდვილად ID ბარათითაა შესრულებული და ხელმომწერიც ის პიროვნებაა, რომელიც საჭიროა, დააჭირეთ + ნიშანს სახელის გასწვრივ, შემდეგ კი ასევე + ნიშანს Signature Details მარცხნივ. შემდეგ კი დააჭირეთ Certificate Details ანუ იმ მიმდევრობით, როგორც სურათზეა მოცემული:
ამის შემდეგ გამოჩნდება Certificate Viewer ფანჯარა, რომელშიც უნდა აირჩიოთ ჩანართი Details და შემდეგ აირჩიოთ Certificate Data ჩამონათვალში აირჩიოთ Subject ისე, როგორც ქვემოთ მოყვანილ სურათზეა ნაჩვენები. სურათზე ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ინფორმაციას:
- მარცხენა მხარეს იერარქია უნდა გამოიყურებოდეს ისე როგორც ამ სურათზეა: GEO Root CA -> GEO Signing CA -> ხელმომწერის სახელი და გვარი
- Subject-ის არჩევის შემდეგ, serialNumber-ის გასწვრივ უნდა ეწეროს ხელმომწერის პირადი ნომერი
ამ ბიჯების ჩატარების შემდეგ უკვე დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ნამდვილად კონკრეტულ პირს ეკუთვნის.