Skip to end of metadata
Go to start of metadata

ამ გვერდის საშუალებით თქვენ შესძლებთ გაარკვიოთ, რა გჭირდებათ იმისათვის რომ ბოლომდე გამოიყენოთ თქვენი ID ბარათის ელექტრონული ფუნქციები, დაწყებული მისი შიგთავსის წაკითხვიდან და დამთავრებული სხვადასხვა ონლაინ–სერვისებით, რომელთა რიცხვი განუხრელად იზრდება.

ბარათის წამკითხველი

იმისათვის, რომ მომხმარებელმა გამოიყენოს ID ბარათი სხვადასხვა მიზნებისთვის, მას აუცილებლად ესაჭიროება ID ბარათის წამკითხველი, რომელიც კომპიუტერთან არის შეერთებული. შესაძლოა, ზოგიერთი წამკითხველი თქვენმა სისტემამ ავტომატურად ამოიცნოს, ზოგიერთისათვის კი დაგჭირდეთ დამატებითი სამუშაოების ჩატარება: დრაივერების მოძიება და ინსტალაცია.

პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ წამკითხველებზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, გარდა ტექნიკურისა – შეუძლია თუ არა მას სრულყოფილად მუშაობა ID ბარათთან. ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ID ბარათთან თავსებადი წამკითხველების სია.

სად შევიძინოთ?

ID ბარათთან თავსებადი წამკითხველები შეგიძლიათ შეიძინოთ კომპიუტერულ მაღაზიებში. საბაზისო მოდელის წამკითხველები უკვე იყიდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ოფისებსა და იუსტიციის სახლებში.

წამკითხველს, რომელიც იყიდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლებში, ჰქვია Bit4id miniLECTOR EVO.
თუკი თქვენ უკვე შეიძინეთ ეს წამკითხველი, ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მისი ინსტალაციის ინსტრუქცია.

 

სხვა მოდელის წამკითხველის ინსტალაციის ინსტრუქცია სავარაუდოდ უნდა ეწეროს კომპაქტ–დისკზე, რომელიც ზოგიერთ წამკითხველს მოჰყვება. თუკი თქვენს წამკითხველს არანაირი ინსტრუქცია არ ჰქონდა, მისი მოძიება სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება ინტერნეტში.

Java Runtime Environment (JRE)

ID ბარათების სამართავი პროგრამული უზრუნველყოფის უმრავლესობა ეყრდნობა Java Runtime Environment პროგრამულ პაკეტს, რომლის ინსტალირება საჭიროა მომხმარებლის მანქანაზე. ბევრ ოპერაციულ სისტემაში ინსტალაცია საკმაოდ ადვილია და ამაში ჩვენი გვერდიც დაგეხმარებათ.

 დააჭირეთ რათა გაიგოთ მეტი Java–ს შესახებ...

პოპულარული პროგრამირების ენა Java ეყრდნობა ე.წ. "მულტიპლატფორმულობის" კონცეფციას – ერთიდაიგივე პროგრამა ერთნაირი წარმატებით იშვება ყველა მეტ–ნაკლებად პოპულარული კონფიგურაციის მქონე კომპიუტერზე, მიუხედავად იმისა ვინაა მისი მწარმოებელი და რა ოპერაციული სისტემა (Microsoft Windows, Linux, Mac OS X) აყენია მასზე.

იმისათვის რომ მულტიპლატფორმულობა შესაძლებელი გახდეს, საჭიროა კომპიუტერზე დაყენდეს არცთუ დიდი ზომის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც ეწოდება Java Runtime Environment, ანუ შემოკლებით JRE.

გაიგეთ უფრო მეტი ოფიციალური ვებ–გვერდიდან.

არის თუ არა ჩემს კომპიუტერზე JRE დაინსტალირებული? თუ არაა, როგორ დავაყენო?

იმისათვის, რომ შეამოწმოთ – დაინსტალირებულია თუ არა ის თქვენთან, მიჰყევით ამ ბმულს.

ვებ–გვერდზე, რომელზეც თქვენ მოხვდებით, მოთავსებულია ავტომატური ინსტალაციის სისტემა. ის ჯერ შეამოწმებს, არის თუ არა თქვენს კომპიუტერზე უკვე ინსტალირებული Java Runtime Environment და თუ არ არის, შემოგთავაზებთ მის ინსტალაციის მარტივ საშუალებას.

Adobe Reader X

ციფრულად ხელმოწერილი დოკუმენტების დასათვალიერებლად საჭიროა Adobe Reader, ბოლო ვერსია. მისი გადმოწერა შესაძლებელია ოფიციალური ვებსაიტიდან

ინსტალაციის შემდეგ აუცილებელია ციფრული ხელმოწერის ძირითადი სერტიფიკატის ინსტალაცია. ამისათვის იხილეთ შემდეგი ინსტრუქცია

გადაამოწმეთ ვერსია

გაძლიერებული ელექტრონული ხელმოწერების (Advanced Electronic Signature) სრულყოფილი მხარდაჭერა გაჩნდა მხოლოდ Adobe Reader X / Adobe Acrobat X ვერსიებში. აქედან გამომდინარე, უფრო ძველი ვერსიებით ხელმოწერილი დოკუმენტების სრულყოფილი დათვალიერება შეუძლებელია.

eID Card Tool

ეს არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ მონაცემები ID ბარათზე და შეცვალოთ PIN კოდები. პროგრამის ინსტალაციისათვის მიჰყევით ინსტრუქციას

ID ბარათის შუალედური პროგრამული უზრუნველყოფა

ID ბარათის შუალედური პროგრამული უზრუნველყოფა (მიდლვეარი) წარმოადგენს პროგრამულ პაკეტს რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს ID ბარათის გარკვეული ფუნქციების ინტეგრირება ოპერაციულ სისტემაში. მაგალითად:

  • ვებ-გვერდზე შესვლა სპეციალური Java-კომპონენტების გამოყენების გარეშე, SSL/TLS კლიენტის ავთენტიფიკაციით
  • ციფრული ხელმოწერის განხორციელება უშუალოდ Adobe Reader-ში
  • ID ბარათის ინტეგრირება Microsoft Office პროგრამულ პაკეტში

აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომია Windows ოპერაციულ სისტემაში. ის ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდება სხვა სისტემებისთვისაც

 

ოპერაციული სისტემაბმულიშენიშვნა
Microsoft Windows (32 Bit)გადმოწერამოჰყვება CSP/KSP Minidriver და PKCS#11 მოდული
Microsoft Windows (64 Bit)გადმოწერამოჰყვება CSP/KSP Minidriver და PKCS#11 მოდული. მხარს უჭერს 32 და 64 ბიტიან პროგრამებს

 

 

Labels
  • None