Skip to end of metadata
Go to start of metadata

ID ბარათზე მოქალაქის მიმიდინარე სტატუსის დატანა ხდება უკონტაქტო, MIFARE ზონაში შესაბამისი ინფორმაციული სტრუქტურის მოთავსების გზით. მოქალაქის მიმდინარე სტატუსის ელექტრონულად განსაზღვრას არსებითი უპირატესობები გააჩნია. მისი საშუალებით შესაძლებელია მოხდეს იდენტიფიკაცია, მიეკუთვნება თუ არა მოქალაქე ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს: არის თუ არა სტუდენტი, დევნილი, პენსიონერი, ომის ვეტერანი და სხვა. ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სისტემაში დააინტეგრიროს მოქალაქის სტატუსის წაკითხვა და მასთან დაკავშირებული ოპერაციები. 

სტუდენტური ბარათი

მოქალაქის სტატუსის ერთ–ერთი პრაქტიკული მაგალითია სტუდენტური ბარათი რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს ID ბარათს, ზედ დატანილი დამატებითი ინფორმაციით.მაგალითად, თუკი მოქალაქე არის სტუდენტი, მან შეიძლება მიიღოს ფასდაკლება კინოთეატრში, ბიბლიოთეკაში, ისარგებლოს სტუდენტური ტარიფებით მობილურ ტელეფონზე და ა.შ.

სანამ ინტეგრაციას შეუდგებოდეთ

სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში ჩასართავად მხოლოდ ტექნიკური ინტეგრაცია არ კმარა. ასევე საჭიროა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, რათა მიიღოთ დასტური აღნიშნული ფასდაკლების განხორციელებაზე. შემოსავლების სამსახური მიგითითებთ, შეგიძლიათ თუ არა თქვენი პროდუქტებისათვის განახორციელოთ სტუდენტური ფასდაკლება და კერძოდ რა გზით უნდა მოახდინოთ პიროვნების სტატუსის გადამოწმება – ბარათიდან ინფორმაციის ამოკითხვით თუ შესაბამისი ვებ–სერვისის გამოძახებით.

ძირითადი მახასასიათებლები

სოციალური სტატუსის ინფორმაცია განთავსებულია ID ბარათზე. მისი წვდომა შესაძლებელია უკონტაქტო ინტერფეისით, MIFARE 1k ემულატორის გამოყენებით. მონაცემთა სტრუქტურაში განთავსებულია შემდეგი  ძირითადი ინფორმაცია

  1. სოციალური სტატუსის იდენტიფიკატორი – სპეციალური იდენტიფიკატორი, რომელიც გამოიყენება მოქალაქის უნიკალური იდენტიფიცირებისათვის, ფასდაკლების მიღების დროს სხვადასხვა ობიეტებში
  2. სოციალური სტატუსები: მაქსიმუმ 5 ჩანაწერი მიმდინარე რეალიზაციაში, თითოეული ჩანაწერი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
    1. სტატუსის ტიპი
    2. სტატუსის მოქმედების ვადა

სულ სისტემაში შესაძლებელია არსებობდეს 255 სხვადასხვა სტატუსი. მოქალაქეს დროის ნებისმიერ მომენტში ID ბარათზე შეიძლება ეწეროს მაქსიმუმ 5 სტატუსი.

მოქალაქის სტატუსის წაკითხვა

ამჟამად რეალიზებულია 2 მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოქალაქის სოციალური სტატუსის გადამოწმება: კითხვა უშუალოდ ID ბარათიდან და ონლაინ გადამოწმება ვებ–სერვისის საშუალებით.

ინფორმაცია, რომელიც უნდა შეინახოთ

ფასდაკლების განხორციელებისას თქვენს სისტემაში აუცილებლად უნდა შეინახოთ იმ პიროვნების სოციალური იდენტიფიკატორი, რომლისთვისაც განახორციელეთ ფასდაკლება, რათა შემდეგში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოთ ეს ინფორმაცია შედარების მიზნით. დაწვრილებით სოციალური იდენტიფიკატორის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტიდან (იხ. ქვემოთ).

ონლაინ გადამოწმება ვებ–სერვისის საშუალებით

გადამოწმების მიზნით შექმნილია სპეციალური ვებ–სერვისი რომლის გამოძახების შემდეგ თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რა სტატუსი გააჩნია ამჟამად პიროვნებას. ამ მიდგომას გააჩნია რამდენიმე უპირატესობა:

  1. სტატუსს იგებთ ონლაინ რეჟიმში
  2. ინტეგრაცია მარტივია – ვებ–სერვისი რეალიზებულია SOAP პროტოკოლის მიხედვით, რომელსაც მხარს უჭერს გავრცელებული პლატფორმების უმრავლესობა

მიდგომის ნაკლოვანებები:

  1. საჭიროა ქსელური ინფრასტრუქტურის გამართვა
  2. ქსელური კავშირის გაწყვეტა გამოიწვევს ოპერაციების ჩავარდნას

წვდომა სერვისზე

სერვისი გამოქვეყნებულია შემდეგ მისამართზე: https://submission.e-government.ge/submission

სერვისის დასახელებაა CRA_GetPersonSocialStatusByPnByRequestBody

როგორ დავუკავშირდეთ სერვისს?

მომხმარებლებისათვის სერვისის მიწოდება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს საშუალებით ხდება. ინტეგრაციისათვის დაუკავშირდით შემდეგ მისამართზე: integration@dea.gov.ge

სოციალური სტატუსის კითხვა ID ბარათიდან

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოქალაქის სოციალური სტატუსი პირდაპირ დატანილია MIFARE Classic 1k ემულატორის ზონაში. თუკი თქვენ გაქვთ ბარათის უკონტაქტო წამკითხველი რომელსაც შეუძლია MIFARE Classic 1k ბარათებთან მუშაობა, მისი საშუალებით თქვენ შესძლებთ შესაბამისი ზონის წაკითხვას. ამ მიდგომას გააჩნია რამდენიმე უპირატესობა:

  1. თქვენ დამოკიდებული აღარ ხართ კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირებაზე
  2. კლიენტის მომსახურება ძალიან მარტივი ხდება – ის უბრალოდ დაადებს ID ბარათს წამკითხველს

მიდგომის ნაკლოვანებები:

  1. ინტეგრაცია პროგრამულ უზრუნველყოფაში მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას. თუმცა ჩვენი ვებ–გვერდი მაქსიმალურად დაგეხმარებათ ინსტრუქციული მასალით
  2. სტატუსი "სტუდენტი" შესაძლებელია რეალურად შეიცვალოს თუკი სტუდენტს უმაღლესი სასწავლებლიდან გარიცხავენ. ეს ცვლილება ID მყისიერად ბარათზე არ აისახება. თუმცა სტატუსს გააჩნია მოქმედების ვადა (რომელიც ასევე წერია ID ბარათზე). მისი გასვლის შემდეგ შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ ეს ადამიანი სტუდენტი აღარ არის

საჭიროა ვიზუალური კონტროლი

სოციალური სტატუსის ინფორმაცია ID ბარათზე ღიად წერია. აქედან გამომდინარე, მისი კოპირება შესაძლებელია სპეციალური ფუნქციებით აღჭურვილ მობილურ ტელეფონებში. მიაქციეთ ყურადღება რომ პიროვნებამ წამკითხველს ID ბარათი დაადოს და არა მობილური ტელეფონი, ანდა რამე სხვა ბარათი.

როგორ წავიკითხო ინფორმაცია MIFARE ზონიდან?

შეგიძლიათ იხილოთ ჩანაწერი ბლოგზე რომელიც აგიხსნით, როგორ ხდება ინფორმაციის ამოკითხვა MIFARE Classic 1k ემულატორიდან. პროგრამა დაწერილია Java–ზე თუმცა ის იყენებს სტანდარტულ PC/SC ინტერფეისებს და ასევე სტანდარტულ APDU ბრძანებებს ბარათთან. აქედან გამომდინარე, მისი პორტირება პროგრამირების სხვა ენაზე უპრობლემოდ შეიძლება

რომელი მეთოდი ავირჩიოთ?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე მეთოდს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია. თუ შეგიძლიათ განახორციელოთ ორივე (წაიკითხოთ სოციალური სტატუსი ID ბარათიდან და შემდეგ ვებ–სერვისშიც გადაამოწმოთ), ამით მნიშვნელოვნად გაამარტივებთ კლიენტების მომსახურებას და ამავდროულად თავიდან აიცილებთ რისკებს.

მხოლოდ ვებ–სერვისით გადამოწმება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში.

ინტეგრაცია მარტო ვებ–სერვისით

როგორც მოგახსენეთ, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, თუკი ფასდაკლების განხორციელება გსურთ. ნებართვის გაცემისას შემოსავლების სამსახური ასევე მიგითითებთ, შეგიძლიათ თუ არა განახორციელოთ მომსახურება მარტო ვებ–სერვისის გამოყენებით.

ტექნიკური დოკუმენტები

ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტი, ვერსიაა 1.4 E-ID status application_ V 1.4.pdf

მუშაობა MIFARE Classic 1k ემულატორთან - ჩანაწერი ბლოგზე

კონტაქტი

ტექნიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: online@sda.gov.ge

დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით (ხელშეკრულება, მომსახურების პირობები და სხვა) შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის ჯგუფს განათლების სამინისტროში ტელეფონზე: (+995 32) 2 200 220

 

  • No labels