Skip to end of metadata
Go to start of metadata

რა არის MIFARE Classic 1k?

MIFARE Classic 1k არის NXP Semiconductors–ის მიერ შემუშავებული უკონტაქტო MIFARE ბარათების ერთ–ერთი ყველაზე უფრო პოპულარული წარმომადგენელი. ის ძალიან გავრცელებულია პირველ რიგში გამოყენების სიმარტივისა და სიიაფის გამო. მისი საშუალებით მრავალ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) მუშაობენ სატრანსპორტო სისტემები (მეტროპოლიტენი, ავტობუსი და სხვა). ის ასევე ფართოდ გამოიყენება დაშვების სისტემებში და სხვა პროგრამულ უზრუნველყოფაში. ასევე არსებობს საიტი http://mifare.net

 

MIFARE Classic ბარათები ე.წ. "მეხსიერები ბარათებია" (Memory Card). ის გამოდის 1 და 4 კილობაიტიან მოდიფიკაციებში (აქედან მომდინარეობს მისი სრული სახელიც). ჩვენ  შევჩერდებით კონკრეტულად 1 კილობაიტიან მოდიფიკაციაზე (MIFARE Classic 1k).

MIFARE Classic–ის ძირითადი ფუნქციონალობა შემდეგია

  • ის წარმოადგენს მეხსიერების საცავს, რომელშიც ინფორმაცია ინახება 16–ბაიტიანი ბლოკების სახით
  • ბლოკები ერთიანდებიან სექტორებში. MIFARE Classic 1k–ში თითოეული სექტორი 4 ბლოკს შეიცავს. სულ ბარათზე 16 სექტორია
  • სექტორის პირველი 3 ბლოკი, რომლის რიგობრივი ნომრებია 0, 1 და 2 მომხმარებლის განკარგულებაშია. გამონაკლისია 0–ოვანი სექტორი, რომლის 0–ოვანი ბლოკი გამოიყენება სისტემური ინფორმაციისათვის
  • ბლოკი ნომერი 3 შეიცავს წვდომის გასაღებებს და წვდომის ბიტებს (Access Bits)
  • თითოეულ სექტორს გააჩნია 2 გასაღები, A და B
  • წვდომის ბიტების საშუალებით თითოეული გასაღებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს ოპერაციათა ჩამონათვალი, რომელიც დაშვებულია ამ გასაღებით იდენტიფიცირებისას
  • თითოეული ბლოკი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ჩვეულებრივი ინფორმაციის შესანახად, ისე "მნიშვნელობის" ტიპის ველებისთვის.
  • ბლოკზე შესაძლებელია ჩაწერისა და წაკითხვის ოპერაციები
  • "მნიშვნელობის" ტიპის ველზე დაშვებულია ინკრიმენტის (მნიშვნელობის გაზრდის) და დეკრიმენტის (მნიშვნელობის შემცირების) ოპერაციები

დამატებითი ინფორმაცია MIFARE Classic–ის შესახებ შეგიძლიათ მოიპოვოთ MIFARE–ს საიტიდან: http://mifare.net/products/mifare-smartcard-ic-s/mifare-1k/

უსაფრთხოების საკითხები

 MIFARE Classic რამდენიმე წელია აღარ ითვლება უსაფრთხო საშუალებად, ამიტომ ასეთი ტიპის ბარათებზე პიროვნების პირადი ინფორმაციის, ან მნიშვნელოვანი ფინანსური ინფორმაციის ღიად (დაუშიფრავად) დატანა სრულიად გაუმართლებელია და ჩვენ დაბეჯითებით გირჩევთ, მსგავსი რამ არ გააკეთოთ.

ID ბარათი და MIFARE Classic 1k

ცხადია, ID ბარათი თავისი შესაძლებლობებით მნიშვნელოვნად აღემატება MIFARE Classic 1k–ს შესაძლებლობებს. თუმცა სხვადასხვა სისტემებთან ინტეგრაციის გამარტივების მიზნით მას ასევე შეუძლია იმუშაოს როგორც MIFARE Classic 1k ბარათმა. ამ მიზნით მასზე განთავსებულია შესაბამისი ფუნქციონალობის ემულატორი.

ID ბარათზე შესაძლებელია ნებისმიერი პროგრამისათვის საჭირო მონაცემების დატანა, რის შესაძლებლობასაც იძლევა MIFARE Application Directory სტანდარტის რეალიზაცია.

თუკი თქვენს სისტემას შეუძლია MIFARE Classic 1k ბარათებთან ურთიერთობა და გაქვთ სურვილი რომ ნაცვლად საკუთარი ბარათების გამოშვებისა ინფორმაცია შეინახოთ ID ბარათზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მისამართზე integration@id.ge

MIFARE Classic 1k–ს ემულატორი პრინციპულად დიდად არ განსხვავდება აპარატული MIFARE Classic 1k–სგან თუმცა არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომელთა გათვალისწინებაც შეიძლება დაგჭირდეთ.

MIFARE Application Directory

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, MIFARE Classic 1k ინფორმაციას ინახავს ბლოკებში, რომლებიც 16 სექტორადაა განაწილებელი. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს იმის დადგენა, რომელ პროგრამულ უზრუნველყოფას რომელი სექტორი ეთმობა, შემოღებულია სტანდარტი MIFARE Application Directory (MAD) რომლის აღწერაც მოცემულია NXP Semiconductors–ის ვებ–გვერდზე.

MAD–ის ძირითადი პრინციპები შემდეგია:

  1. MAD განთავსებულია MIFARE Classic 1k–ს 0–ოვან სექტორში. პირველ და მეორე ბლოკში (როგორც აღვნიშნეთ, ნულოვანი ბლოკი სისტემურ ინფორმაციას შეიცავს, მესამე ბლოკი კი გასაღებებს)
  2. MIFARE Classic 4k–ს ან უფრო დიდი მეხსიერების შემთხვევაში MAD თავსდება სხვა ბლოკებშიც (იხ. დოკუმენტაცია)
  3. თითოეულ სისტემას რომელიც ბარათზე ინფორმაციას ინახავს გააჩნია 2 ბაიტიანი იდენტიფიკატორი. მაგალითად, მოქალაქის სტატუსის აპლიკაციის იდენტიფიკატორია 8009
  4. იმისათვის რომ იპოვოთ, რომელი სექტორები გამოეყო თქვენს სისტემას, საჭიროა MAD–ის სკანირება და შესაბამისი სექტორების პოვნა
  5. MAD სექტორის A გასაღები სტანდარტულია – A0A1A2A3A4A5 რათა ყველას შეეძლოს მისი კითხვა
  6. MAD სექტორზე ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ B გასაღებით, რომელსაც საიდუმლოდ ინახავს ბარათების გამცემი. შესაძლებელია (თუმცა არასავალდებულოა) რომ სხვადასხვა ბარათებს სხვადასხვა გასაღები ჰქონდეთ, მეტი უსაფრთხოებისათვის
  7. სექტორების პოვნის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ მათზე და იმუშაოთ ინფორმაციასთან

 

სისტემის (აპლიკაციის) იდენტიფიკატორები

ID ბარათის MIFARE Classic 1k ემულატორის ზონაში ინფორმაციის დასატანად აუცილებელია, სისტემას (აპლიკაციას) გააჩნდეს შესაბამისი წესით რეგისტრირებული იდენტიფიკატორი (AID, Application ID). ამ იდენტიფიკატორის მიღება ძალიან მარტივია – უნდა შეავსოთ განაცხადი რომელიც მოცემულია MAD–ის სტანდარტის სპეციფიკაციაში (იხ. ბმული ზემოთ) და გაგზავნოთ დოკუმენტშივე მითითებულ მისამართზე.

მუშაობა MIFARE Classic 1k ბარათებთან

MIFARE Classic 1k ბარათებთან მუშაობა პროგრამირების გარკვეულ უნარ–ჩვევებს მოითხოვს. ბარათების პოპულარობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მასალის მოძიება ინტერნეტშიც.

MIFARE Classic 1k ბარათებთან მუშაობის სამაგალითო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბლოგზე

 

Labels
  • None